აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა.
CNN-ის ცნობით, სატელეფონო საუბრის შემდეგ ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა და ძალადობა მალე განიმუხტება.
ბაიდენის თქმით, როცა შენს ტერიტორიაზე ათასობით რაკეტა დაფრინავს, "ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება".
CNN-ის ინფორმაციით, კომენტარის გაკეთებისას ბაიდენს პალესტინა არ უხსენებია.
ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი მესამე დღეა არ წყდება, ისლამისტურმა დაჯგუფებამ, ჰამასმა 11 მაისს ისრაელის ქალაქ თელ-ავივის მიმართულებით 130 სარაკეტო თავდასხმა განახორციელა - ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათი მიმართულებით პალესტინელმა სამხედროებმა სამ დღეში 1000-მდე სარაკეტო გასროლა განახორციელეს.
თელ-ავივის დაბომბვამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორის დაბომბვისას საცხოვრებელი შენობა სარაკეტო თავდასხმით გაანადგურეს, ისლამისტურმა დაჯგუფებამ თავდასხმისთანავე გაავრცელა მუქარა, რომ საპასუხოდ ისრაელის დედაქალაქს დაბომბავდა.
სამხედრო შეტაკებების განახლებას პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის მრავალსაათიანი დაპირისპირება უსწრებდა წინ. განსაკუთრებით მწვავე შეტაკებები მოხდა ალ-აკსას მეჩეთში, რომელიც ებრაელებისა და მუსლიმებისთვის საზიარო წმინდა ადგილია.
ჰამასმა ისრაელს სამართალდამცველების ადგილიდან გაყვანის ულტიმატუმი წაუყენა, სამხედრო კონფლიქტი კი ისრაელის მხრიდან ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემდეგ განახლდა.